რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.

როგორ იანგარიშება გადახდები საბანკო სესხებზე?

ხშირ შემთხვევაში მსესხებლებმა ყოველთვიური  გადახდებით უნდა დაფარონ სესხი. თითოეული  გადახდა შედგება პროცენტისაგან, რომელიც მიიღება სესხის დაუფარავი ნაწილის გამრავლებით საპროცენტო განაკვეთზე და ამორტიზაციის თანხისაგან (სესხის ძირითადი თანხის ნაწილი), რომელიც თითოეულ გადახდას შეესაბამება. სასესხო ვალდებულების ვადაგადაცილებული დაფარვა კლიენტს დამატებით ჯარიმებს აკისრებს.

მაგალითი:

სესხის მოცულობა  $80,000
სესხის პროცენტი 8%
პერიოდი (თვე) 120

გადახდის თარიღისესხის საწყისი ბალანსიგადახდაძირი%სესხის საბოლოო ბალანსი
თვე 1 $80,000 $971 $437 $533 $79,563
თვე 2 $79,563 $971 $440 $530 $79,123
თვე 3 $79,123 $971 $443 $527 $78,679

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის აღების დროს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანიაგანსაზღვროთ, რამდენად სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავლის წყარო გაგაჩნიათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით სესხის აღების მიზანშეწონილობაში და მის ფორმაში, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ:

  1. სესხის გაცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის საკომისიოებს;
  2. სესხის გაცემის/მომსახურების საკომისიო;
  3. სესხის დამტკიცებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების ხარჯები;
  4. საჯარო რეესტრის ან ნოტარიუსის ხარჯები;
  5. თანხის გადარიცხვის ან განაღდების საკომისიო;
  6. სესხის წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლო;
  7. დაზღვევის ხარჯი

რა შედეგები ახლავს სესხის გადაუხდელობას?

საკრედიტო რეიტინგის დაცემა

სამომხმარებლო სესხზე ერთი შენატანის გამოტოვებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი საკრედიტო რეიტინგი საგრძნობლად დაეცეს. ამასთან, რაც უფრო დიდხანს გადააცილებთ გადახდის ვადას, მით უფრო დაეცემა თქვენი რეიტინგი.

თქვენი საკრედიტო რეიტინგის დაცემის ეფექტი  გაცილებით დიდია, თუ თქვენ არაუზრუნველყოფილი სესხი ვერ დაფარეთ. საკრედიტო რეიტინგის დაცემას კი, თავის მხრივ, მოყვება სხვა სესხებზე (მაგ: საკრედიტო ბარათებზე) საპროცენტო განაკვეთის ზრდა – სხვანაირად რომ ვთქვათ  – საკრედიტო რეიტინგის დაცემა იწვევს სამომავლოდ თქვენთვის სხვა ნებისმიერი სესხის გაძვირებას.

უზრუნველყოფაში დატოვებული ქონების ჩამორთმევა (უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში)

თუ თქვენ აღებული გაქვთ უზრუნველყოფილი სესხი, ეს ნიშნავს, რომ კრედიტორმა სესხი დაგიმტკიცათ გარკვეული ქონების (ბინა, მანქანა ა.შ.) უზრუნველყოფის საფუძველზე. შესაბამისად, თქვენს მიერ სესხის ვერ ან არ დაფარვის შემთხვევაში შეუძლია ეს ქონება გამოიყენოს სესხის დასაფარად. ამდენად, უზრუველყოფილი სესხი ნაკლებად რისკიანია გამსესხებლისთვის, მაგრამ საკმაოდ რისკიანია თქვენთვის, რადგან როგორც უკვე ვთქვით, თუ თქვენ ვერ დაფარეთ სესხი, კრედიტ-ოფიცერს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს უზრუნველყოფაში გადაცემული ქონება სესხის დასაფარად.

არაუზრუნველყოფლი სესხის გადაუხდელობის შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ არაუზრუნველყოფილი სესხი არ არის გამყარებული  მოძრავი  ან  უძრავი ქონებით,  სესხის ვადაგადაცილების ან საერთოდ არ დაფარვის შემთხვევაში გარკვეული ჯარიმები მაინც დაგეკისრებათ: ჯერ ერთი –  საგრძნობლად დაეცემა თქვენი საკრედიტო რეიტინგი, რაც გავლენას იქონიებს თქვენ მომავალ სესხებზე; მეორეც – თუ სესხის თანხა მნიშვნელოვანია, გამსესხებელი სასამართლოში შეიტანს სარჩელს თქვენს წინააღმდეგ და შეეცდება სასამართლოს გადაწყვეტილებით ამოიღოს სესხის თანხა, თქვენი ან თავდების ქონების იძულებითი წესით გაყიდვით.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს წესით დასაბრუნებელი თანხა  თქვენ თავდაპირველ სესხზე გიცილებით მეტი იქნება, რადგან სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მას დაემატება ვადაგადაცილების საკომისიო,  ჯარიმა სესხის გრაფიკის დარღვევისთვის და რა თქმა უნდა მიმდინარე პროცენტი.