ბიზნეს სესხები

რა არის ბიზნეს სესხი?

ბიზნეს კრედიტი განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. ბიზნეს კრედიტები  მათი მიზნობრიობიდან გამომდინარე იყოფა შემდეგ ძირითად მიმართულებებად, ესენია:

  1. სესხი საბრუნავი კაპიტალის შესავსებად - ნედლეულის, მარაგების, ხელფასების, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად.
  2. საინვესტიციო კრედიტი - ფიქსირებული აქტივების შესაძენად.
  3. აკრედიტივები და საგარანტიო წერილები - შეიძლება ჩაითვალოს დაფინანსების მესამე ფორმად, რამეთუ იგი არ არის კრედიტი, მაგრამ ბიზნესებისათვის აქვს მსგავსი და ხშირად ეკონომიკურად უფრო სარგებლიანი შედეგი.

საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება

კომპანიის საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნათა განსაზღვრა როგორც რაოდენობის, ასევე ვადიანობის მხრივ აუცილებელი პირობაა შესაბამისი საბანკო სესხების მისაღებად. ამ მოთხოვნათა დადგენის მიზნით, ბანკი უნდა გაეცნოს  კომპანიის ფინანსურ ინფორმაციას, რომელიც აღწერს ფირმის ფინანსურ მდგომარეობას წარსულში. წმინდა საბრუნავი კაპიტალი განიხილება როგორც სხვაობა მიმდინარე აქტივებს და მიმდინარე ვალდებულებებს შორის. 

საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტორები:

  • კომპანიის საქმიანობათა ბუნება და სახეები
  • გაყიდვების ღირებულება და ვადები
  • სეზონურობა
  • პროდუქციის ნაკადების სტადიები
  • გაყიდვების მოცულობა
  • მიმდინარე აქტივების გაუფასურების რისკი თვითღირებულებასთან მიმართებაში
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი
  • ანგარიშსწორების პირობები მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან
  • გაყიდვების, დებიტორული დავალიანების (მისაღები თანხების) კოეფიციენტი

საინვესტიციო კრედიტი.  

ძირითად საშუალებათა მუდმივი მოდერნიზაცია საწარმოს სახსრების სოლიდური ოდენობით ინვესტირებას მოითხოვს, რომელთა უკუგებაც არაა მყისიერი და საწარმოს მიერ მთელი მათი ფლობის მანძილზე ნაწილდება. ამიტომ, საკუთარი სახსრების მიმართვის თავიდან აცილების, თუ მათი ეკონომიის მიზნით, მეწარმეები დაფინანსებისათვის ბანკებს მიმართავენ. თავის მხრივ, ბანკები განიხილავენ შემოთავაზებული ინვესტიციის ოდენობას, ისევე როგორც მის მიზანშეწონილობას, ანუ იქნება თუ არა განხორციელებული ინვესტიცია ფირმისათვის რეალური მოგების მომტანი სესხისა და პროცენტის გადახდის შემდეგ. ამის გამო, ეს სესხები, ჩვეულებრივ, გრძელვადიანია, ცვალებადი და დამოკიდებულია ინვესტიციის უკუგების კოეფიციენტზე.

როგორც წესი სესხის თანხა მთლიანი ძირითადი საშუალებების დაახლოებით 70-80%-ია, იმიტომ რომ ფირმის საკუთარი სახსრებით მონაწილეობაც გარანტირებული იყოს. დროის დიდი მონაკვეთის გამო, ასეთი ტიპის სესხების თანამდევი რისკები უფრო დიდია, ვიდრე მოკლევადიანი დაფინანსების თანამდევი რისკები და ამ მიზეზით ეს სესხები, როგორც წესი, დამატებით უზრუნველყოფილია კომპანიის მფლობელის პერსონალური თავდებობით.

შეფასების კრიტერიუმები

ძირითადი საშუალებების დაფინანსებისას ბანკის შეფასება ფოკუსირებულია შემდეგ სფეროებზე:

  • ინვესტიციის მიზანი
  • განხორციელების გრაფიკი
  • წარმოდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები
  • საპროგნოზო ქმედებები და შედეგები
  • საკუთარი მონაწილეობა

ინვესტიციის მიზანი: სიმძლავრეების გაზრდა, ენერგიის დაზოგვა, საწარმოო ხარჯების შემცირება, საწარმოო ხაზების შექმნა ახალი პროდუქციისათვის, ახალი ერთეულების შეძენა ან აშენება, გარემოს დაცვა.

საინვესტიციო კრედიტის მისაღებად ხშირ შემთხვევაში ბანკები ითხოვენ სრულყოფილ ბიზნეს გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი კომპანიის სამოქმედო გეგმა.

თანხა და ვადიანობა

საბრუნავი კაპიტალისთვის მიღებული სესხი ხშირ შემთხვევაში მოკლევადიანია (2-3 წელი), მაშინ როდესაც საინვესტიციო კრედიტის ვადიანობა აღემატება 4 -15 წლამდე მერყეობს. თანხა დამოიდებულია კომპანიის არსებულ ფინანსურ მაჩვენებლებზე, წარმოდგენილ უზრუნველყოფაზე  და სამომავლო გეგმებზე.

საპროცენტო განაკვეთი

სესხის პროცენტი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის - რისკისა და ამონაგების გათვალისწინებით, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკი, როგორც წესი მორგებულია ნაღდი ფულის მოსალოდნელ ნაკადზე. გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, სესხის პირობები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კომპანისა  და მფლობელების საკრედიტო ისტორიასა და უზრუნველყოფის ხარისხზე.

სესხის გადახდა:

მსესხებლებმა ყოველთვიური  გადახდებით უნდა დაფარონ თავიანთი ბიზნეს სესხი. თითოეული  გადახდა შედგება პროცენტისაგან, რომელიც მიიღება სესხის დაუფარავი ნაწილის გამრავლებით საპროცენტო განაკვეთზე, და ამორტიზაციის თანხისაგან (სესხის ძირითადი თანხის ნაწილი) რომელიც თითოეულ გადახდას შეესაბამება. სასესხო ვალდებულების ვადაგადაცილებული დაფარვა კლიენტს გადაუხდელობის პროცენტს აკისრებს.

მაგალითი:

სესხის მოცულობა  $80,000
სესხის პროცენტი 8%
პერიოდი (თვე) 120
გადახდის თარიღისესხის საწყისი ბალანსიგადახდაძირი%სესხის საბოლოო ბალანსი
თვე 1 $80,000 971 437 533 79,563
თვე 2 $79,563 971 440 530 79,123
თვე 3 $79,123 971 443 527 78,679